Общее·количество·просмотров·страницы

среда, 9 мая 2012 г.

"რქიდეა" _ ტროპიკული და სუბტროპიკული ბალახოვანი მცენარე, აქვს ორიგინალური ფორმის ყვავილები, უპირატესად სურნელოვანი" _ განმარტებულია უცხო სიტყვათა ლექსიკონში. იგი ცნობილია განსაკუთრებული სილამაზით და პრეტენზიულობით. ორქიდეა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გვაძლევს მისი ყვავილით ტკბობის შესაძლებლობას.

მისი მოვლის წესებზე ყვავილების მაღაზია _ "ევრო ეზოს" წარმომადგენელი, თინათინ ხალვაში გვესაუბრა:

"ორქიდეა საკმაოდ სათუთი ყვავილია, სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი _ სპეციალური ანათალი, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. განსაკუთრებული მიწა მას სუნთქვისთვის სჭირდება _ დროულად შრება და ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს. იგი სპეციალურ გამჭვირვალე ქოთანში უნდა დავრგოთ, რომელსაც ძირი გახვრეტილი და გვერდები დასერილი ექნება, მორწყვის დროს ნიადაგი კარგად რომ გაიჟღინთოს. ორქიდეა საჭიროებს განსაკუთრებულ მორწყვას _ ქოთნით უნდა ჩადგათ თასში, რომელშიც თბილი წყალი ასხია. ქოთანში წყალი პირამდე უნდა ამოვიდეს. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთით, სანამ წყალს შეიწოვს, შემდეგ ამოიღეთ, დაწრიტეთ და სპეციალურ სადგამზე ან თაროზე მოათავსეთ. იშვიათად უნდა მორწყოთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამოშრება, ზედმეტმა ნესტმა შეიძლება ფესვი დაალპოს.

ორქიდეას ფოთლების დანამვაც უყვარს, მაგრამ წყლის წვეთი ყვავილზე არ უნდა მოხვდეს, რადგან ლაქა დააჩნდება. თუმცა, ბათუმში ნესტიანი ჰავის გამო დანამვა აუცილებელი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით _ აუცილებელია.

ორქიდეას გასამრავლებლად ახალი ამონაყარი უნდა გააცალკევოთ და გადარგოთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ფოთლით ან ტოტით არ მრავლდება. სასურველია ყვავილს 2-3 წელიწადში ერთხელ გამოუცვალოთ ნიადაგი.

რაც შეეხება სასუქს, არსებობს სპეციალური თხევადი სასუქები ორქიდეასთვის, მათი შეძენა ყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე სასუქის მიცემა არ შეიძლება, არც ტოტის მოჭრა. სასუქიც იმავე მეთოდით უნდა მივაწოდოთ, როგორც წყალი.

ორქიდეას არ უყვარს, როცა მზის სხივები პირდაპირ ხვდება, ამიტომ იგი მზეს უნდა მოვარიდოთ".

Комментариев нет:

Отправить комментарий